თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკოტურიზმის მიმართულებაა, ბათუმში 19-22 სექტემბრის პერიოდში გაიმართება.
შავი ზღვის სანაპირო და, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანია. ამ დერეფანში ყოველწლიურად მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადის. ამ მაჩვენებლით აჭარას მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია.
ტრადიციულად, ფესტივალის მონაწილეები რეგიონში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, რომლებიც ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს. ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად, დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი ექსკურსიები.
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პერიოდი 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება. დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილებია სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხი, ბათუმის ზღვისპირა პარკი და პორტი.
ფესტივალის მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობაა. მისი ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.