ქნესეთის სპიკერის ვიზიტი თბილისში ქართველი შინდლერის შთამომავლების დაჯილდოებით დაიწყო

ქნესეთის სპიკერი 4 სექტემბერს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. ისრაელის ქნესეთის სპიკერმა ამირ ოჰანამ ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო ქართველი შინდლერის შთამომავლობისთვის საპატიო სიგელების გადაცემის ცერემონიით, რომელიც ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიის მუზეუმში გაიმართა.
„სერგო მეტრეველი არის ე.წ. „ქართველი შინდლერი", რომელსაც "მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილების" წოდება მიენიჭა. აღნიშნულ წოდებას ისრაელის სახელმწიფო, „იად ვაშემის" მუზეუმის ჩართულობით, ანიჭებს იმ არაებრაელებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს ჰოლოკოსტის დროს ებრაელების ნაცისტებისგან გადასარჩენად. 1942 წელს ბატონი მეტრეველი დაეხმარა ორ ებრაელს, ემილ ზიგელსა და არკადი რაბინოვიჩს, რათა ოკუპირებული კისლოვოდსკიდან საქართველოში, მის მშობლიურ სოფელ უწერაში ჩამოსულიყვნენ.
„80 წლის შემდეგაც კი ჩვენ ჯერ კიდევ გვახსოვს ზოგიერთი მართალი ერი, ძალიან ცოტა ადამიანი, ვინც შეინარჩუნა ჰუმანურობა და გადაარჩინა ებრაელთა სიცოცხლე ყველაზე ბნელ დროში. ერთ-ერთი მათგანი იყო სერგო მეტრეველი. მადლიერი ვარ მისი და მთელი მისი ოჯახის იმისთვის, რაც მან გააკეთა ჰოლოკოსტის დროს“, - განაცხადა ამირ ოჰანამ.
მისი თქმით, ვიზიტის მიზანია, გაძლიერდეს და გაღრმავდეს ურთიერთობა „ამ ორ დიდ ერს შორის“.
რაც შეეხება ვიზიტის სხვა დეტალებს, 4 სექტემბერს საკანონმდებლო ორგანოში ამირ ოჰანას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. შემდეგ ქნესეთის სპიკერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
საქართველოს და ისრაელის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის - პრემიერების შეხვედრის ასპექტები >>
გარდა ამისა, ამირ ოჰანა შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს.
5 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქართველი კანონმდებლები ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს და მის თანმხლებ დელეგაციას მიესალმებიან.
ოსკარ შინდლერი - გერმანელი ბიზნესმენია, რომელმაც მოახერხა და თითქმის 1200 ებრაელ ტყვეს, რომელთა უმეტესობას პოლონეთში დასახლებული ებრაელები შეადგენდნენ, შეუნარჩუნა სიცოცხლე და იხსნა ჰოლოკოსტისგან იმით, რომ ისინი დაასაქმა საკუთარ საწარმოში. ისტორია საფუძვლად დაედო ავსტრალიელი მწერლის თომას კენილის რომანს სახელად „შინდლერის კიდობანი“ და 1993 წელს გადაღებულ ეპიკურ ამერიკულ დრამას „შინდლერის სია“ (ინგლ. Schindler's List) —რომლის რეჟისორია სტივენ სპილბერგი, ხოლო სცენარის ავტორი სტივენ ზეილიანი.