თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ორშაბათიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს, თუმცა წამყვანი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა მას არ ექნება.
იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსება პარლამენტის სულ მცირე 50 დეპუტატს შეუძლია, რისთვისაც უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის თხოვნით. ქვეყნის ხელმძღვანელობა ამ პროცედურაზე პრეზიდენტის დაუმორჩილებლობის გამო დაიწყო საუბარი: სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად მთავრობის უარისა, ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვის წინ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა.
„ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება“, - განაცხადა მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტია კარგად იაზრებს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანას ვერ შეძლებს.
„უკვე ვნახეთ ჩვენი ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია და გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები, მაგრამ ისევ ვფიქრობთ, რომ რეაქციის გარეშე ადამიანის, პიროვნების მიერ, რომელიც კონსტიტუციის მთავარი გარანტი უნდა იყოს, ამ კონსტიტუციის დარღვევის დატოვება არ შეიძლება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ისტორიას დარჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი კანონი დაარღვია, დასძინა მან.
მხარდაჭერა არ ექნება
იმპიჩმენტის პროცესის დაწყებამდე, რომელიც ერთ თვეზე მეტხანს გასტანს, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ უკვე გადაწყვიტეს, მისცემენ თუ არა ხმას იმპიჩმენტის.
პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების სულ მცირე 2/3-ის ხმა, ანუ მინიმუმ 100 ხმა. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენენ „ქართული ოცნება“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები, სულ 84 დეპუტატის მანდატი აქვს. ანუ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია.
„ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორე, ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.
პარლამენტში ამ პარტიას 5 დეპუტატი წარმოადგენს.
იმპიჩმენტს არ დაუჭერს მხარს არც ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც პარლამენტში 20 დეპუტატი წარმოადგენს.
„პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება სხვა არაფერია, თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟი და მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვის მცდელობა“, - განაცხადა ფრაქციის დეპუტატმა ანი წითლიძემ.
იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოვიდა კიდევ ექვსი დეპუტატი შემდეგი პოლიტიკური ჯგუფებიდან - „ლელო“, „ევროოპტიმისტები“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.
ხოლო პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩში“ ამ პროცედურაში ვერავითარი აზრი ვერ დაინახეს.
„ვერც წარმომიდგენია, ეს 100 ხმა როგორ უნდა შეაგროვოს. „ნაციონალური მოძრაობის“ დამატებაც დასჭირდება და ისინი რამეზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ითანამშრომლებენ? არ მგონია“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატმა ჰერმან საბომ.
იმპიჩმენტის მიზეზი და პროცედურები
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც საზღვარგარეთ ვიზიტებზე მთავრობის უარს ყურადღება არ მიაქცია. უარის მიზეზად ხელისუფლებამ დაასახელა ის, რომ ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისგან განსხვავებით, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და, შესაბამისად, მისთვის უარის თქმა საზღვარგარეთ ვიზიტებზე ლოგიკურია.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ“.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს. ანუ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილს თანამდებობიდან ვერ გადააყენებენ.
„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.