თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ დაიწყო მთაწმინდის რაიონში ერთ–ერთი შენობის რეკონსტრუქციის შესახებ საქმის შესწავლა, რომელიც, არსებული მონაცემებით, დარღვევებით მიმდინარეობდა, ნათქვამია მერიის განცხადებაში.
საუბარია ლაღიძის ქუჩა N12–ში მდებარე შენობაზე. თბილისის მერიაში აღნიშნეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. შეთანხმებული პროექტით, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შენობის ფასადური კედელი.
შემკვეთმა ამა წლის 2 აგვისტოს მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე არქიტექ ტურის სამსახურს მიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი ფოტომასალა ადასტურებდა, რომ სამუშაოები ჩატარდა დარღვევებით და არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ პროექტს, შემკვეთს სამუშაოების გაგრძელებაზე უარი ეთქვა.
პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციამ დაიწყო. თბილისის მერია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას მიიღებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა.
საქმის შესწავლის პროცესში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან, განაცხადეს მერიაში.