საქართველოს საელჩოები პრეზიდენტის ვიზიტის მომზადებაში არ მონაწილეობენ - საგარეო უწყება

საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყნის პრეზიდენტი ახორციელებს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხო სახელმწიფოებთან მთავრობის თანხმობით.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ევროპაში ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ტურნეს საორგანიზაციო საკითხებში არ მონაწილეობენ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ზურაბიშვილი, მთავრობის მხრიდან უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპის ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. მმართველ პარტიაში ამას კონსტიტუციის დარღვევა უწოდეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ვიზიტები არ ხორციელდება მთავრობასთან კოორდინაციით, საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ არ არიან ჩართული ვიზიტების საორგანიზაციო და ლოგისტიკურ საკითხებში“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს, მოლაპარაკებებს უცხო სახელმწიფოებთან აწარმოებს მთავრობის თანხმობით.
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტებზე.
სალომე ზურაბიშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში, რაზეც მთავრობამ მას უარი უთხრა, კონსტიტუციის დარღვევაა, რაც მმართველი პარტიის მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება.
ხუთშაბათს, 31 აგვისტოს ზურაბიშვილი თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
„ქართული ოცნების" და პრეზიდენტის ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
კობახიძე: „ქართულ ოცნებას" პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება ექნება>>
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მთავრობა: სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი ეთქვა>>
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.