ბოჭორიშვილი: საქართველოში ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა თითქმის დასრულებულია

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურად ვიმუშაოთ ევროკომისიასთან და მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, განაცხადა დეპუტატმა.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. ევროკავშირის მოთხოვნებზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დასრულებულია, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„საკანონმდებლო კუთხით, პარლამენტის მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. პროცესი რა თქმა უნდა საკმაოდ ფართოა, ასევე ფართოა რეკომენდაციებიც. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ უკვე გადადგმული ნაბიჯების შეფასება ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება ბრიუსელში და შეხვედრებს მართავს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროკომისიასთან განსაკუთრებულად აქტიურად ვიმუშაოთ, მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც საქართველომ ამ დრომდე 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით გააკეთა და რა მნიშვნელოვანი პროგრესიც არის მიღწეული“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ვოლსკი: ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად >>
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
გზავნილები დამაბნეველია - მამუკა მდინარაძე ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებზე >>
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.