თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. პროფესიული განათლების ბიუჯეტი სრულად იქნება მიმართული იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც კურსდამთავრებულთა დასაქმების 100%-იან გარანტიას მოგვცემს, განაცხადა ჟურნალისტებთან განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
განათლების სამინისტრო კერძო სექტორსა და დამსაქმებლებს სთავაზობს პროფესიული პროგრამების შექმნის მექანიზმებს იმ პრიორიტეტული მიმართულებებით, რომლებიც დღეს დეფიციტურია და, სხვადასხვა კვლევის თანახმად, მათზე შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა.
„საქართველოში არ დარჩენილა არცერთი ბიზნეს-გაერთიანება, ვისთანაც არათუ შეხვედრა, არამედ ძალზე აქტიური კომუნიკაცია არ გვაქვს ჩამოყალიბებული. ბუნებრივია, საკითხი იმ პროფესიებს და იმ დეფიციტების აღმოფხვრას ეხება, რაც შრომის ბაზარზე გვაქვს", – განაცხადა ამილახვარმა.
მინისტრის თქმით, ეკონომიკურ საბჭოზე საბოლოოდ განიხილეს ახალი კონცეფცია, რომელსაც ახლო მომავალში საზოგადოებას წარუდგენენ. ახალი კონცეფციის მიზანია, რომ პროფსასწავლებლების ყველა კურსამთავრებულმა შეძლოს დასაქმება.
საქართველოში 2022 წელს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 25,9%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ცნობით, 2022 წელს პროფსასწავლებლებში 14.103 პირი ჩაირიცხა, აქედან 46,6% ქალი და 53,4% - მამაკაცი.
გასული წლის ბოლოსთვის იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებმაც სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე მიიღეს, 94-ს შეადგენდა, აქედან 42 სახელმწიფო, ხოლო 52 - კერძო სასწავლებელი იყო.
„საქსტატის" ცნობით, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობით ლიდერობს თბილისი (36,7%), შემდეგ მოდიან: აჭარა (19,9%), იმერეთი (10,0%), სამეგრელო–ზემო სვანეთი (9,4%), კახეთი (6,1%), ქვემო ქართლი (6%).
2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 263 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 48,8% ქალია, ხოლო 51,2% მამაკაცი.
გასულ წელს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 7,6 ათასი შეადგინა. მათმა უმრავლესობამ აირჩია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორიცაა ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა, ბიზნეს-ადმინისტრირება, სამართალი, ჯანდაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
მას შემდეგ, რაც საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ" ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებები.