თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თელავის საკრებულოს დეპუტატმა იმედა კევლიშვილმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კევლიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კევლიშვილის განმარტებით, მისთვის „ნაციონალური მოძრაობის" წევრობა პრობლემური მას შემდეგ გახდა, რაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში" მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა და მიზეზად პარტიაში შექმნილი მძიმე ვითარება დაასახელა. მელიას მომხრეებმა ხაბეიშვილი წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. მათ არ გამორიცხეს, რომ დღის წესრიგში ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ლეგიტიმურობის საკითხი დადგეს.
„დღეს მივიღე ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება – დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა". ვტოვებ იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობამ" მოაწყო ბოიკოტი, 6 თვის განმავლობაში ერთხელაც არ დაურეკავთ არცერთ ღონისძიებაზე ან ოფისში შეკრებაზე. თავმჯდომარე (თელავის ორგანიზაციის) ისე აირჩიეს, მე არ ვიცოდი. პარტიაში განსხვავებული აზრი ითვლება მიუღებლად", – დაწერა კევლიშვილმა.
კევლიშვილის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე მან მხარი ნიკა მელიას კანდიდატურას დაუჭირა, ამიტომაც პარტიის ახალი მენეჯმენტი მას და პარტიის სხვა წევრებს, რომლებმაც ხმა ხაბეიშვილს არ მისცეს, მტრად მიიჩნევს.
გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, პარტიაში არავისთვის უკითხავთ, როდესაც გადაწყვიტეს 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნა და პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან" გაერთიანება, რომელსაც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაძე უდგას სათავეში.
„ვაშაძე მოიყვანეს და ვის ჰკითხეს?" – დაწერა კევლიშვილმა.
მისი თქმით, პარტიაში ყველაფერს წყვეტს არა ლევან ხაბეიშვილი, არამედ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.
„ხაბეიშვილი ისეთივე თავმჯდომარეა, როგორც მე იაპონიის იმპერატორი. გადაწყვეტილებებს სხვა ადამიანები იღებენ", – დაწერა კევლიშვილმა.
თელავის საკრებულოს თავმჯდომარე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი თენგიზ მთვარელიშვილია, რომელიც 2021 წლის 3 დეკემბერს აირჩიეს.
საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობას" 15 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას" კი 22 დეპუტატი ჰყავს.
რა ხდება „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა. „ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის შესახებ 20 ივლისს განაცხადეს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „გამარჯვების პლატფორმას" ეყოლება საკუთარი კანდიდატი პრემიერის პოსტზე, ასევე ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.