წყალდიდობა თბილისში - რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგები

გუშინ ღამით დედაქალაქში თავსხმა წვიმა და ქარი იყო, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. გაწმენდითი სამუშაოები ხანგრძლივი კოკისპირული წვიმის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, განაცხადა კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ.
წვიმის შედეგებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად პირადად გაეცნო.

„ქსელი გაწმენდილი იყო, უბრალოდ, სანიაღვრე სისტემას გადაფარებული ჰქონდა ფოთლები, ნაჭრები, ნარჩენები, პოლიეთილენის ქილები, რაც იწვევდა დაგუბებას", – განაცხადა ფაჩულიამ.

უსაფრთხოების მიზნით წყნეთი–ბეთანიის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
თბილისის მერმა განაცხადა, რომ ასეთი უხვი ნალექი დედაქალაქში დიდი ხანია არ ყოფილა.
მისი თქმით, წვიმამ განსაკუთრებით პრობლემები შექმნა გლდანისა და დიდუბის რაიონებში, მაგალითად, ერისთავის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიტბორა გზის ნაწილი და გადაადგილება შეუძლებელი იყო.
„რამდენიმე ქუჩასა და გამზირზე ხეები იყო წაქცეული, ეს მონაკვეთები უკვე გასუფთავებულია", – განაცხადა კალაძემ და შსს-ს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფებს მადლობა გადაუხადა ჩატარებული სამუშაოებისთვის.
როგორც მერმა აღნიშნა, შესაბამისი სამსახურები მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინონ.
თამარ მეფის გამზირზე, სადაც წყალდიდობის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო, პრობლემა აღმოფხვრილია. პრაქტიკულად მაშინვე დაიწყო სამუშაოები მაჭავარიანის ქუჩის ახალ მონაკვეთზე, სადაც წვიმის გამო ქვათაცვენა დაფიქსირდა.
კალაძე თბილისში შექმნილ ვითარებაზე: ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას>>
დედაქალაქის ბევრ უბანში დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. დაზარალებულებისთვის მუშაობს „ცხელი ხაზი" 2 72 22 22.
მთელი ქალაქის მასშტაბით მობილიზებული იყო მერიის რაიონული სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.