თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ვარშავაში შეხვედრა გამართეს, რომელზეც ბელარუსთან საზღვრების სრულად დახურვის შესაძლებლობა განიხილეს.
თათბირის მონაწილე მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელიც პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).
„მოვუწოდებთ ბელარუსის რეჟიმს, გაიყვანოს ჯგუფი „ვაგნერი" ბელარუსის ტერიტორიიდან, ასევე ყველა არალეგალი მიგრანტი საზღვრისპირა ტერიტორიებიდან და დააბრუნოს ისინი თავიანთ ქვეყნებში", — ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკვე თითქმის ორი წელია, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი „არალეგალური მიგრაციის უპრეცედენტო ზეწოლას" ეჯახებიან, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერაა პროვოცირებული და დღემდე მხარდაჭერილი.
დოკუმენტის თანახმად, პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია ბელარუსთან საზღვრებს ჩაკეტავენ, თუ იქ შეიარაღებული ინციდენტი ან არალეგალი მიგრანტების მხრიდან საზღვრების ძალით გარღვევის მცდელობა მოხდება.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრ აგნე ბილოტაიტეს თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ერთობლივად, მტკიცედ და კოორდინირებულად იმოქმედებენ“ მსგავსი შემთხვევების დროს.
პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული ექვსი გამშვები პუნქტიდან ამჟამად მხოლოდ ერთი მუშაობს. ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე ახლახან ექვსიდან ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიხურა, უახლოეს პერიოდში კი კიდევ ორის დახურვა იგეგმება. რაც შეეხება ლატვია-ბელარუსის საზღვარს, იქ მხოლოდ ორი გამშვები პუნქტია.