პირველად საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე დაარსდა

სამინისტროში აღნიშნეს, რომ აქტიურად იზრუნებენ ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის ინიციატივით, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10.000 ლარის ოდენობით.

უწყებაში აღნიშნეს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას.

ინიციატივის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაში.
ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს.