5 ივლისს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში მცხოვრები ალტერნატიული მედიცინის წარმომადგენელი მაგული გორდელაძე გარდაიცვალა. ის 20 წელზე მეტი უცხოეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სამედიცინო საქმიანობა 1990 წელს თბილისში, ბავშვთა N1 საავადმყოფოში დაიწყო. იქ პირადად მას, სხვა ექიმებთან ერთად, სამეცნიერო ლაბორატორია გაუხსნეს.
გარდა საქართველოსი, მას ევროპის სხვადასხვა სამედიცინო კლინიკებში მუშაობის მდიდარი გამოცდილებაც ჰქონდა. გერმანიაში ჩასულმა, მკურნალობის საკუთარი მეთოდის გამოსაცდელად ფრანკფურტის მრავალპროფილური კლინიკა აირჩია, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა. ამავე კლინიკაში მას სამეცნიერო დარგის მრჩევლის სტატუსიც ჰქონდა.
გულიკო გორდელაძის საავტორო რვა წიგნი გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის არქივშია შეტანილი. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ქალბატონი მაგული ფრანკფურტის მრავალპროფილურ კლინიკაში მუშაობდა. მისი ბიოგრაფია მსოფლიოს სხვადასხვა ენციკლოპედიებშია შეტანილი. საქართველოში ღირსების ორდენი ჰქონდა მიღებული. წლების წინ გერმანიაში გამოიცა მისი წიგნი სახელწოდებით „მთლიანი ორგანიზმი", რამაც ფრანკფურტის 2016 წლის წიგნის გამოფენაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. გარდა ამისა, მაგული გორდელაძე გერმანიაში მიწვეული ლექტორის სტატუსით სხვადასხვა ორგანიზაციებში კითხულობდა ლექციებს.
2017 წელს ჩვენ დავუკავშირდით მას გერმანიაში და ინტერვიუ ჩამოვართვით. კითხვაზე: როგორია თქვენი გერმანული წარმატების ფასი, ქალბატონმა გულიკომ გვიპასუხა: „მე შევქმენი სრულიად ახალი სამკურნალო პრეპარატი სახელწოდებით „გორმაგი“, რომელიც დაპატენტებულია და გერმანიისა და ევროპის კომიტეტის მიერაა დაცული. ის უკვე 14 წელია, რაც აფთიაქში იყიდება. ჩემ მიერ შექმნილი ყველა პრეპარატი ბუნებრივი მასალებისგან შედგება და ენერგიითაა დამუხტული. პრეპარატი აღადგენს ადამიანის ავადმყოფ უჯრედებს და ორგანიზმიდან ყველა სახის შხამი გამოჰყავს“.
საუბრის დასასრულს მან გვითხრა: „მინდა თქვენ და თქვენს რედაქციას მივმართო: გმადლობთ, რომ მომეცით საშუალება, ჩემი მოღვაწეობა გერმანიაში საქართველოშიც გამხდარიყო ცნობილი. ჩემს ქვეყანას აყვავებას ვუსურვებ, რაც მოთმინების გარეშე წარმოუდგენელია“.
ნინო მამულაშვილი