თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახის წევრები, ასევე სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტში, რომელიც დღეს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. მაშველებმა პირველივე დღეებში სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, აქედან 29 იდენტიფიცირებულია, მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულ ორ მცირეწლოვანს ეძებენ.
ჯანდაცვის სამინისტრო დაზარალებულებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს შესთავაზებს ფსიქოლოგის კონსულტაციას და ფსიქოთერაპიულ სეანსებს, საჭიროების შემთხვევაში – ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების სრულ ანაზღაურებას.
აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, რომელშიც ჩართული არიან მაშველები, სამხედროები, კინოლოგების ჯგუფები და მძიმე ტექნიკა.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.