თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. თბილისის საკრებულომ პარასკევს საღამოს მხარი დაუჭირა სამშენებლო ნებართვების გაცემას თბილისის რამდენიმე რაიონში რამდენიმე ცათამბჯენის აშენებაზე.
წარმოდგენილი პროექტების თანახმად, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, საიდანაც ყველაზე მაღალი 169-სართულიანი იქნება, აშენდება გმირთა მოედანზე, ვაკეში, დიდ დიღომსა და სამგორში.
წარმოდგენილი პროექტებიდან ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა ლაგუნა ვერეს მიმდებარედ დაგეგმილი 52-სართულიანი კომპლექსის პროექტი, რომელიც ორ ცათამბჯენს მოიცავს. საკრებულოს დეპუტატებს შორის კამათის მთავარი თემა სწორედ ეს პროექტი იყო.
„ეს არის ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს ქალაქის დაზიანების ხარჯზე და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.
პროექტებს შორისაა ასევე 169 სართულიანი ცათამბჯენის აშენება ვაკეში, ფიზკულტურის ყოფილი ინსტიტუტის ტერიტორიაზე, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ დაგეგმილია 52-სართულიანი ცათამბჯენის პროექტი, საუბარია ასევე განაშენიანების გეგმაზე დიდ დიღომსა და ნაძალადევში.