თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმში, ქობულეთსა და მთიან აჭარაში ვიზიტების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის – როგორც ტურიზმის დეპარტამენტის, ისე მთავრობის მიერ დასახული ამოცანების შესაბამისად, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ავტონომიის მთავრობის სხდომაზე.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის ორ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,6%-ით გაიზარდა.
„გასულ წელთან შედარებით, ტურისტული ნაკადები გაზრდილია 56%-ით, 2019 წელთან შედარებით კი ზრდა შეადგენს 24%-ს. ასევე ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალი ტურისტული ობიექტები შეიქმნა მაღალმთიან აჭარაში – აჭარის მაღალმთიანეთს ტურისტული დანიშნულების დაახლოებით 45 ახალი ობიექტი შეემატა“, – განაცხადა რიჟვაძემ.
გარდა ამისა, მისი თქმით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის 7 თვის მონაცემით განხორციელდა 1.436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9,7%-ით აღემატება.
აჭარაში საზაფხულო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს გაიხსნა. წელს რეგიონში 4 მილიონზე მეტ სტუმარს ელოდებიან.
ტურისტულ სიახლეებს შორის, რომლითაც აჭარა ზაფხულის სეზონს ხვდება, არის ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონები კაპნისთავში და უჩხოში, სამთო-საველოსიპედე ბილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული ბანაკები და საპიკნიკო ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორში, ჩირუხსა და კაპნისთავში. გარდა ამისა, გაჩნდა 25 მარკირებული ტურისტული მარშრუტი.