კახეთში რთველი იწყება

მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავებაში წელს 500-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. თელავში „რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელიც რთვლის პროცესს გაუწევს ორგანიზებას, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რომელიც კახეთში შტაბის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
მინისტრის თქმით, ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისათვის, რომ რთველი წარმატებულად ჩატარდეს.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც მევენახეებსა და მეღვინეებს აქვთ სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში; ჩვენ ვეხმარებით მათ როგორც სუბსიდირების, ისე დაზღვევის თანადაფინანსების კუთხით, რომელიც მიმდინარე წელს 50%-დან 70%-მდე გაიზარდა", – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მევენახეებს ამ მიმართულებით უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დარგისადმი მხარდაჭერა ასევე გამოხატულია აგროკრედიტის და მარკეტინგული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამებით.

„სახელმწიფო დაახლოებით 15 მლნ ლარს ხარჯავს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო პრიორიტეტულ ბაზრებზე; ვეხმარებით მეწარმეებს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებაში, რის შედეგადაც ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. მხოლოდ გასულ წელს 103 მლნ ლიტრის ექსპორტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია", – განაცხადა მინისტრმა.

შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები გელა სამხარაული და ირაკლი ქადაგიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები.
მთავრობის გადაწყვეტილებით, „რთველი 2023"-ის ფარგლებში სახელმწიფო „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას მიმდინარე წელსაც განახორციელებს.
ეს გადაწყვეტილება 25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
შამუგია: მევენახეებს არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩებათ ჩაუბარებელი>>
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ და/ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ „რქაწითელისა“ და 1 კგ „კახური მწვანისთვის“ 20 თეთრს შეადგენს.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმო მზად არის მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა, და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.
საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ რთველის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა.
მთავრობა ყურძენზე სუბსიდიას წელსაც გასცემს>>
მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავებაში წელს ღვინის 500-მდე საწარმო იქნება ჩართული. მოწეული ყურძნის ჩაბარება განხორციელდება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე.
თელავში დღეიდან, 24 აგვისტოდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს რთვლის შტაბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს რთვლის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს.
ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება. აღნიშნული სისტემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს.