აჭარაში პედაგოგები ინოვაციური პროექტების დანერგვისთვის სახელფასო დანამატს მიიღებენ

აჭარის მთავრობის სხდომაზე მიიღეს მასწავლებელთა წახალისების გადაწყვეტილება, რისთვისაც 300 ათასი ლარი გამოიყოფა.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და დანერგავს ახალ ინოვაციურ პროექტებს აჭარის საჯარო სკოლებში, 500 ლარიან სახელფასო დანამატს მიიღებს, განაცხადა აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
ახალი სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ განათლების სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერებს და შესაბამის სამსახურებს დაავალა, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საორგანიზაციო ნაწილში გაატარონ შესაბამისი სამობილიზაციო სამუშაოები.
აჭარის მთავრობის სხდომაზე მიიღეს მასწავლებელთა წახალისების გადაწყვეტილება, რისთვისაც 300 ათასი ლარი გამოიყოფა. ეს თანხები დაიხარჯება იმ პედაგოგების სახელფასო დანამატებზე, რომლებიც სკოლებში ინოვაციურ პროექტებს დანერგავენ. ისინი ასევე საერთაშორისო პროექტებში ჩართვას შეძლებენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასწავლებელთა მხარდაჭერის კუთხით შეიქმნას ცალკე ფონდი, რომლის საწყისი ოდენობა შეადგენს 300 ათას ლარს. იმედი მაქვს, ეს დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს სწავლების ეფექტიანობის გაზრდას და აამაღლებს პედაგოგთა მოტივაციას, რაც მომავალი თაობების განათლების ხარისხზე აისახება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე ახალი სკოლების მშენებლობა. 2023 წლის ბიუჯეტში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილი თანხა 25 მლნ ლარიდან 33 მლნ ლარამდე გაიზარდა. წელს განხორციელდება 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.