ელექტრონული არჩევნები: ოპოზიციაში შესაძლო რისკებზე ალაპარაკდნენ

ოპოზიცია ცესკოს არჩევნებზე შესაძლო რისკების დაზღვევას სთავაზობს.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოში არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარება არ გამორიცხავს ისეთ რისკებს, როგორიცაა კიბერშეტევა ან ე.წ. კარუსელი, ამიტომ ოპოზიცია ცესკოსთვის რიგი წინადადებებით გამოვიდა. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციიდან გიორგი სიორიძემ განაცხადა.
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ელექტრონული არჩევნების სისტემას შეეხო, რომელიც საქართველოში დაინერგა. მისი თქმით, აშშ-ის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ელექტრონული არჩევნების სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება "სუფთა და სამართლიანი". ამ სისტემით ასევე შესაძლებელია მანიპულირება, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.

„ეს რისკი რომ ყოფილიყო დაზღვეული, ოპოზიცია ვაყენებდით ამ საკითხს, რომ უმჯობესია, გვქონდეს ლოკალიზებული სიები, რაც არ გამორიცხავს, რომ ამომრჩეველმა სხვა უბანზე მისცეს ხმა, სამაგიეროდ კიბერშეტევებისგან ვიქნებით დაცული", – განაცხადა სიორიძემ.

ამის ნაცვლად ცესკო საარჩევნო აპარატებში ჩატვირთავს სიებს კონკრეტული უბნების მიხედვით, რაც, სიორიძის თქმით, ზრდის კიბერშეტევების საფრთხეს, რადგან თითოეული აპარატი ინტერნეტში უნდა იყოს ჩართული.
რაც შეეხება ე.წ. კარუსელს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია ქაღალდის ახალი ფორმატის წყალობით, რომლებზეც ბიულეტენები იბეჭდება.
„ახალი ბიულეტენები სხვა ფორმატის ფურცელზე იქნება და მისი საარჩევნო უბნიდან გატანა გაცილებით რთული იქნება, შესაბამისად, აქ რისკები შემცირებულია, თუმცა არა გამორიცხული", – განაცხადა სიორიძემ.
მაჭარაშვილი: აშშ-ის ელჩი დარწმუნდა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ არჩევნებს წააგებს>>
მისი თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნების პროგრამული უზრუნველყოფის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება.
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს.
ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
ცესკოს თავმჯდომარემ ელექტრონული სისტემით არჩევნების ნაკლოვანებებზე დეგნანს უპასუხა>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.