მსოფლიო დღეს

შოლცი: დასავლეთი პუტინის დამხობას არ გეგმავს

Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შიშობს, რომ დასავლეთი მისი რეჟიმის დამხობას აპირებს, მაგრამ ჩვენ ასეთი გეგმები არ გვაქვს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

„ვინ სად ზის, [რა პოზიციებს იკავებს], ჩვენ არ ვწყვეტთ. ჩვენ ასევე არ ვგეგმავთ რეჟიმის შეცვლას, თუმცა პუტინს ეშინია, რომ სწორედ ეს არის ჩვენი გეგმა. <...> მაგრამ საკუთარ დიქტატურაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მას აკისრია. ეს ჩვენი თემა არ არის“, — აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.

შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მოუწევს შეგუება იმ ფაქტთან, რომ „მის გვერდით არსებობს ევროკავშირი — ღია საზოგადოებებისა და ლიბერალური დემოკრატიების გაერთიანება“.
გერმანული მედიის ცნობით, მანამდე, 13 აგვისტოს ტელეარხ ZDF-ის ეთერში შოლცმა თავშეკავებულად ისაუბრა უკრაინისთვის შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტა Taurus-ების გადაცემის შესაძლებლობაზე. მისი თქმით, გერმანია კვლავაც „ძალიან დეტალურად აწონ-დაწონის თითოეულ გადაწყვეტილებას, რათა გაიაზროს, რა მუშაობს, რას აქვს აზრი, როგორი შეიძლება იყოს გერმანიის წვლილი“.
ამასთან ერთად გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მიზანია, არ დაუშვას, რომ გერმანია უკრაინის ომში კონფლიქტის მხარის სახით ჩაერთოს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ არიან და არც იქნებიან გერმანელი ჯარისკაცები უკრაინაში.
წყარო: Augsburger- Allgemeine