თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებმა 2023 წლის იანვარი–ივნისში 5,3 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემზე 3,6%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს ელეტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 70% დაკმაყოფილდა ჰიდროელექტროსადგურების მიერ, 22% – თბოელექტროსადგურების, 8% – იმპორტის და 0,6% – ქარის ელექტროსადგურის მიერ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნის დიდ წილს „ენგურჰესი" აკმაყოფილებს.
„2023 წლის ექვს თვეში „ენგურჰესის" გენერაცია 12,5%-ით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში ჰესმა ჯამში 1,4 მილიარდ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგია გამოიმუშავა", – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 9,3%-ით შემცირდა გასული წლის იანვარი–ივნისთან შედარებით და 6,9 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
ანალიტიკური კომპანია Galt & Taggart-ის კვლევამ აჩვენა, რომ ეს გამოწვეული იყო Georgian Manganese-ის, მეტალურგიული და მაინინგ-კომპანიების მიერ წარმოების შემცირებით, რაც მათ პროდუქტებზე მოთხოვნისა და ფასების კლებით იყო განპირობებული.
კვლევის ავტორების აზრით, ეს ტენდენცია 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს, ქვეყანა შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე დადგეს.
ენერგოდამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ESCO-ს მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.