თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონის დისკრედიტაციის კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა – რეგიონში ვიზიტორების რაოდენობის ზრდა შეიმჩნევა, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
პოლიტიკოსმა ამ თემაზე იმსჯელა სამუშაო ჯგუფთან, რომელიც World Travel Awards-ის ჯილდოს გადაცემის ცერემონიის ორგანიზებაზე მუშაობს. ეს ჯილდო ტურიზმის „ოსკარის" სახელით არის ცნობილი. ღონისძიება 2023 წელს ჩატარდება.
„საზღვაო სეზონის დასაწყისიდან ვხედავთ პრაქტიკულად მიზანმიმართულ კამპანიას პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალებისგან, რომელთა მთავარი მიზანია მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინონ საზღვაო ტურისტული სეზონის. მიზანმიმართული კამპანია იყო შავი ზღვის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც წარუმატებელი გამოდგა", – განაცხადა რიჟვაძემ.
მისი თქმით, სპეციალისტები 10 დღეში ერთხელ ამოწმებენ ზღვის წყალს და ის დღემდე უსაფრთხოა.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა, რის გამოც შავ ზღვაში დიდი რაოდენობით უხეში მყარი მასალა და დახოცილი ცხოველებიც მოხვდა.
უფრო ადრე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მიმდინარეობს იმის ირგვლივ, თითქოს შავი ზღვის საქართველოს აკვატორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემით, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 56,6%-ით გაიზარდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24%-ით მეტია.
მიმდინარე წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა 414 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 17,3%-ით მეტია.
2023 წლის შვიდი თვის მონაცემებით, განხორციელდა 1.436 საერთაშორისო ფრენა, რაც 9,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.