თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობას „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების ფარგლებში 1 სექტემბრიდან უფლება ექნება შეზღუდოს უცხოელების სამუშაოდ მოზიდვა.
ცვლილებები ახლებურად დაარეგულირებს ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების – შრომითი მიგრანტების სამუშაოზე აყვანის საკითხს.
შრომით იმიგრანტად ითვლება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შრომით ურთიერთობაში შედის ადგილობრივ დამსაქმებელთან.
შრომით იმიგრანტთან კონტრაქტი დარეგისტრირდება ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დამსაქმებლის მიერ კონტრაქტის დადებიდან 30 დღის ვადაში. ადგილობრივ დამსაქმებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის მიღებას მხოლოდ ბაზაში რეგისტრირებული უცხოელი შეძლებს. ამასთან, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს საქართველოში დროებითი შრომითი ბინადრობის ნებართვა.
ამას გარდა, ყველა დამსაქმებელს მოეთხოვება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია მათთან დასაქმებული შრომითი იმიგრანტების შესახებ, რომლებთანაც კონტრაქტები გაფორმებული იყო 2023 წლის 1 სექტემბრამდე.
ადგილობრივ დამსაქმებლად ითვლება იურიდიული პირი, ინდმეწარმე, ამხანაგობა, საქართველოში რეგისტრირებული უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლობა, ან საქართველოში კანონიერად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს უფლება დაიქირავოს საქართველოში ბინადრობის უფლების არმქონე უცხოელები და გამოიყენოს მათი შრომა.
ამასთან, საქართველოს მთავრობას 1 სექტემბრიდან უფლება აქვს შეზღუდოს კონკრეტული სპეციალობებისა და პროფესიების მქონე უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა შრომის ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე სამუშაოებზე, რომლებიც არ საჭიროებს კვალიფიკაციას, და იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ შრომის ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს.
ამავდროულად, მთავრობას ექნება უფლება წაახალისოს ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ უცხოელთა მოზიდვა იმ სფეროებში, სადაც ადგილობრივ შრომის ბაზარზე მიწოდება არ აკმაყოფილებს მოთხოვნას.