თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოში კვების პროდუქტები წლის განმავლობაში მთლიანობაში 0,8%-ით გაძვირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" 2023 წლის ივლისის მონაცემებში.
წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა კომბოსტო (65,7%), მსხალი (44,1%) და წიწაკა (38,8%).
ფასები კიტრზე გაიზარდა 30%-ით, ტომატ-პასტაზე – 27,8%-ით, სიმინდის ფქვილზე – 23,8%-ით, მწვანილზე – 22,8%-ით, საქონლის ხორცზე – 17%-ით. ცოცხალ თევზზე – 11,8%-ით, ქათმის კვერცხზე – 11,1%-ით.
რაც შეეხება გაიაფებულ საქონელს, ყველაზე მეტად გაიაფდა მზესუმზირის ზეთი (-43,4%), წიწიბურა (-41%) და მარგარინი (-20,1%).
გაიაფდა ასევე კაკალი (-12,9%), ყურძენი (-12,8%), ჭარხალი (-15,8%), მანდარინი (-12,5%), იუწყება „საქსტატი".
10%-ზე ნაკლებით გაიაფდა ხორბლის ფქვილი, პური, ბრინჯი, ვერმიშელი, ქათმის ბარკლები, სოსისი, შედედებული რძე, სტაფილო და მარილი.
„ინფლაციის შემცირება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად და ასევე სტრუქტურული გამოწვევების აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოს მთავრობამ ბოლო დროს კონტროლზე აიყვანა ფასების პოლიტიკის საკითხი. კერძოდ, მიმდინარეობს საწვავისა და პირველი აუცილებლობის კვების პროდუქტების ფასების მონიტორინგი, ასევე დაწესებულია რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ ივლისში 0,3% შეადგინა.