თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. სტიქიის ეპიცენტრში დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება ფაქტობრივად დასრულებულია, დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიამ 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქედან 24-ის ვინაობა იდენტიფიცირებულია. უგზო-უკვლოდ ექვსი ადამიანია დაკარგული. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით, რიონის ხეობაში მაშველებმა სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
„ეს არ არის მცირეწლოვანი, სავარაუდოდ, ზრდასრული მამაკაცია. ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ამ ეტაპზე სამი ცხედარია იდენტიფიცირების გარეშე, დღის ბოლოს ველოდებით დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.