ოპოზიციას შოვის ტრაგედიის თემის პოლიტიზება უნდა - დეპუტატი

შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნა მიზანშეწონილი არ არის, მიიჩნევს ცაგარეიშვილი.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციას არ აინტერესებს პრობლემის არსი, ის მხოლოდ შოვის ტრაგედიის თემის პოლიტიზებით არის დაინტერესებული, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" გიორგი ცაგარეიშვილმა.
კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება და სახელმწიფო უწყებების უკეთ მოქმედება, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", პარტია „ლელო საქართველოსთვის", პარტია „ხალხისთვის".

„მიმდინარეობს გამოძიება, მასალების მოკვლევა და აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად, ამ უბედურებასთან დაკავშირებით პარალელურად რაღაც სტრუქტურები შეიქმნას საქართველოს პარლამენტში და სრულად იყოს ეს თემა პოლიტიზებული. ეს უნდათ ჩვენ ოპონენტებს. არც აინტერესებთ პრობლემის არსი", – განუცხადა ჟურნალისტებს ცაგარეიშვილმა.

რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად სულ ცოტა 50 დეპუტატია აუცილებელი. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 140-დან 84 დეპუტატი შედის.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს. საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს.
ჩვენი მიზანი სიმართლის დადგენაა - გახარიას პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე>>
ბოლო მონაცემებით, მეწყრის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად შვიდი ადამიანი ითვლება. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
უსაფუძვლო და უადგილოა: „ქართული ოცნება" შოვის ტრაგედიაზე კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს>>
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.