როცა ხელოვნებაში იოლ გზებს არ ეძებ

მანუჩარ ქორთუა რეალისტური მიმდინარეობის მხატვარია, რომელიც ტელევიზიაში მუშაობს.
Sputnik
მანუჩარ ქორთუა რეალისტური მიმდინარეობის მხატვარია, ამბობს, რომ ხატვის დროს „ხელი ჰიპერრეალიზმისკენ გაურბის“, მაგრამ რადგან არ უნდა, რომ მისი ნახატები ძალიან რეალისტური გამოვიდეს, ამიტომ ცდილობს ნახატში საკუთარი შტრიხებიც შეიტანოს. უფრო ხშირად პორტრეტებს ფოტოებიდან ხატავს, მაგრამ თვლის, რომ რეალისტული პორტრეტი ფოტოასლი არ უნდა იყოს.
მანუჩარ ქორთუას შემოქმედება
- მანუჩარ, პორტრეტის დახატვა ნატურიდან უფრო რთულია თუ ფოტოდან?
- როცა ნატურით ხატავ, გაცილებით რთულია, მაგრამ ამგვარი ნამუშევარი უფრო ახლოსაა ხელოვნებასთან. დღეს ფოტოთი ვხატავ. მიუხედავად იმისა, რომ ის ნამუშევარი პირი, ანუ ასლია, მაინც ვთვლი, რომ რაღაც ახალს ვქმნი. ასლი კი ისაა, როცა ვიღაცის ნახატს ზუსტად გადაიხატავ. სხვათა შორის, დღევანდელი მხატვრები ხშირად მიმართავენ ხატვის ამ ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნებაში იოლ გზებს ეძებენ. როცა შეკვეთებზე ვმუშაობ, ეს სხვა თემაა, რადგან ყველას უნდა, რომ დახატული სახე რეალურს ძალიან ჰგავდეს.
მანუჩარ ქორთუა
- რეალისტური ნახატების შექმნისთვის უფრო დიდი დროა საჭირო?
- დიახ, ასეთი ტილოების შექმნისთვის უფრო დიდი დროა საჭირო და თანაც რეალისტური ნახატის შექმნას უფრო დიდი შრომა სჭირდება. მე მაქვს ნამუშევარი, რომელიც აბსტრაქციაში დავხატე, თუმცა ეს ჩემი სტილი არ არის. აბსტრაქცია უფრო გაადვილებული მხატვრობა მგონია.
მანუჩარ ქორთუას შემოქმედება
- პორტრეტების ხატვის დროს ცვლილებების შეტანას თუ გთხოვენ ხოლმე?
- მყავდა ასეთი შემკვეთებიც, რომლებიც მთხოვდნენ, მაგრამ მე ცვლილებების მომხრე არ ვარ. ადამიანი ცხვირის ოპერაციის მერე ისედაც სხვას ემსგავსება და საკუთარ თავს აღარ ჰგავს. ჩემთვის მთავარია, ვისაც ვხატავ, მის ხასიათს ჩავწვდე და მისთვის დამახასიათებელი შტრიხები გადმოვცე.
მანუჩარ ქორთუას შემოქმედება
- ძირითად საქმიანობაზე რას იტყვით?
- „იმედში“ ფაილ-მენეჯერი ვარ, ანუ რა გზავნილებიც შემოდის აქ, ყველა ჯერ ჩემთან მოდის და მერე კონკრეტულ ადრესატთან ვგზავნი. „ლაივში“ რასაც იღებენ, ის მასალაც ჩემთან მოდის. საერთოდ, „ხელფასიანი სამუშაო“ მხატვარს აუცილებლად სჭირდება, რათა შემოსავლის სტაბილური წყარო ჰქონდეს და ოჯახი არჩინოს.
მანუჩარ ქორთუა
- ყველაზე დიდი შეკვეთა რომელი გქონდათ?
- თბილისში რამდენიმე კაფე-ბარის კედლები მაქვს მოხატული. ყველაზე დიდი შეკვეთა, რომელშიც 20 ათასი ლარი გადამიხადეს, ბათუმში მქონდა. ეს იყო ზღვის სანაპიროზე მდებარე კაფე.
მანუჩარ ქორთუა
- ფანტაზიით თუ ხატავთ რაიმეს?
- არასოდეს მქონია შემთხვევა, რომ ირეალური რაღაც დამეხატოს. საერთოდ, როცა დღეს მხატვრები აცხადებენ, რომ უცნაური სიზმარი იხილეს და მერე ის ტილოზე გადაიტანეს, არ მჯერა. მსგავსი რამ მარტო ისეთ ერთეულ მხატვრებს ემართებათ, როგორიც ფიროსმანი იყო...
ნინო მამულაშვილი