თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" ფარგლებში ახალ საცხოვრებელ ფართს 2025 წლამდე თითქმის 3 ათასი ოჯახი მიიღებს, რომლებიც საშიშ პირობებში ცხოვრობენ, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში მწვავედ დგას საცხოვრებელი სახლების პრობლემა, რომლებსაც ავარიულის სტატუსი აქვთ. ეს იქ მცხოვრებ ადამიანებს საფრთხეს უქმნის. საკითხის გადასაჭრელად მთავრობამ 2022 წელს დაიწყო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე", რომელიც ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას და ცხოვრების უსაფრთხო გარემოს შექმნას.
„ამ მიმართულებით სრულად არის მობილიზებული საბიუჯეტო რესურსი. შემდეგი ორი წლის განმავლობაში 3000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება ახალი, თანამედროვე საცხოვრისით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი გზების მშენებლობა, არსებული გზების რეაბილიტაცია", – განაცხადა რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან ერთად ახალი სახლების მშენებლობის პროცესს და საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სამუშაოებს გაეცნო.
პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ბათუმში 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს, 11 მისამართზე კი შენობების გამაგრებისა და აღდგენის სამუშაოები წარმოებს.
ამჟამად ბათუმში ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 ხიდის, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. პროექტის ღირებულება 31 მლნ ლარს შეადგენს.
თორნიკე რიჟვაძე ასევე ადგილზე გაეცნო სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი, 182 ბინაზე გათვლილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.
ამჟამად ბათუმში ავარიული შენობის სტატუსი 140-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს აქვს მინიჭებული.
ავარიული სახლების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბათუმის ტრაგედიის შემდეგ. 2021 წლის 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე ერთ-ერთი ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.