ოპოზიცია შოვში ხელისუფლების დაგვიანებული რეაქციის საბუთად კობახიძის სიტყვებს მოეჭიდა

დავით ჯელაძემ მედიას დეტალებში უამბო იმის შესახებ, როგორ გადაკვეთა ორჯერ მეწყრით დაფარული ტერიტორია.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც მან ეჭვი შეიტანა შოვში ჩამოწოლილ მეწყერში ერთ-ერთი გადარჩენილის სიტყვებში, რომელმაც მომხდარის შემდეგ თავისი გადაადგილება აღწერა.
ახალგაზრდა მამაკაცმა დავით ჯელაძემ ჟურნალისტებს დეტალურად უამბო, თუ როგორ გადაკვეთა მეწყრული მასით დაფარული ტერიტორია ორჯერ. პირველივე დღეს, 3 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ნელ-ნელა მიიკვლევს გზას სასტუმრო „რაჭისკენ“ ის ზურგზე მოკიდებული დისშვილით მეწყრული მასის შუაგულში. შემდეგ თავად ჯელაძემ სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო, სადაც მითითებულია მისი გადაადგილების მარშრუტი.

„მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან მან „წარმოუდგენელი ტყუილი“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ შოვში სტიქიური უბედურების დროს „ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს“.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი და, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც ჯელაძემ საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბებს“ უამბო, ღვარცოფის მოვარდნის დროს ის და მისი ნათესავები (ათი ადამიანი) მდინარე ჭანჭახზე გადებულ ხიდთან იმყოფებოდნენ და ყველანი სასწაულებრივად გადარჩნენ. მეწყრის მეორე ტალღამ ხიდი გაანადგურა. ჯელაძემ და მისმა ოჯახმა ამ დროისათვის ხიდიდან გაქცევა მოახერხეს, მაგრამ მეწყრის შუაგულში აღმოჩნდნენ, წელამდე ტალახში.
ჯელაძის თქმით, მან დისშვილი ხელში აიყვანა და ამ ტალახიდან გამოსვლა დაიწყო, მაგრამ შუა გზაზე მათ მეწყრის მესამე ტალღა დაეწია და ქვემოთ წაიღო. საბედნიეროდ, გადარჩენა მოახერხეს. როცა ტალახის დინების სიჩქარე შემცირდა და ახალგაზრდამ ამაღლებულ ადგილზე ასვლა მოახერხა, დაინახა სასტუმრო „რაჭა“ და ეზოში მყოფი ხალხი, შესაბამისად, იქ წასვლა გადაწყვიტა.
იმ ადგილიდან, საიდანაც დავით ჯელაძე და მისი დისშვილი მაშო წამოვიდნენ, სასტუმრომდე დაახლოებით 800-1000 მეტრის დაშორება იყო, მათ დაახლოებით 2-2,5 საათი იარეს. როდესაც სასტუმროს ეზოში მყოფმა ხალხმა ბავშვიანი მამაკაცი შეამჩნია, მათ დასახმარებლად წამოვიდნენ. ისინი დაეხმარნენ დავითს და მაშოს გზის დარჩენილი ნაწილის გავლაში.
ჯელაძემ გავლილ მარშრუტს ჯოჯოხეთური გზა უწოდა. მაგრამ მცირე შესვენების შემდეგ ის ოჯახის დანარჩენი წევრების საძებნელად უკან გაბრუნდა და მეწყრული მასით დაფარული ტერიტორიის გავლა მას მეორედ მოუწია.
ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყერის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
რაც შეეხება კობახიძეს, წამყვანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მისი სიტყვები შეაფასეს როგორც თავდასხმა გადარჩენილებზე, რათა თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა სტიქიაზე დაგვიანებული რეაგირებისთვის.
შოვში დამანგრეველი მეწყრის ჩამოწოლის პირველივე დღიდან, 3 აგვისტოდან ოპოზიციონერებმა დაიწყეს მტკიცება, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია არაეფექტური იყო, რადგან ვერტმფრენები სტიქიის ადგილზე სამი საათის შემდეგ მივიდნენ და ღამით არ მუშაობდნენ.

„ქართულ ოცნებას" ეშინია იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი ძალისხმევით სასწაულად გადაურჩნენ შოვის ტრაგედიას, და მიზანმიმართულად თავს ესხმის მათ, რადგან სწორედ ეს ადამიანები არიან თვითმხილველები იმისა, თუ როგორ შეეწირა უამრავი სიცოცხლე მთავრობის დაგვიანებულ რეაგირებას“, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მან „ბინძური კამპანია“ უწოდა შოვში გადარჩენილების წინააღმდეგ მიმართულ კობახიძის და „ქართული ოცნების" სხვა ლიდერების განცხადებებს.
ვაშაძის თქმით, ეს კამპანია „ნათლად გამოხატავს მათ („ქართული ოცნების“ წარმომადგენლების - რედ.) გულგრილ დამოკიდებულებას ადამიანების სიცოცხლის მიმართ“.
„ხელისუფლების წარმომადგენლებს სახე აქვთ დაკარგული და მზად არიან იკადრონ ყველაზე უარესიც კი ოღონდ პასუხისმგებლობა აირიდონ და საკუთარი უმოქმედობა და გულგრილობა გაამართლონ“, – აღნიშნა ვაშაძემ.
შოვი არ არის მხოლოდ სტიქიური უბედურების ზონა, ეს არის დანაშაულის ადგილი, დაწერა სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

„ამიტომ იყო ხელისუფლებისთვის არასასურველი იქ მოხალისეები, ჟურნალისტები, საერთაშორისო დახმარება. ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე... დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები, ეშინია მათი! კი, უნდა გეშინოდეთ”, – დაწერა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენს დამნაშავეებს და გასცემს პასუხს მთავარ კითხვას – შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება და რამდენად ეფექტური იყო შესაბამისი უწყებების რეაგირება.
მმართველი პარტია ამის წინააღმდეგი წავიდა. „ოცნებაში“ განაცხადეს, რომ გამოძიებას უკვე პროკურატურა აწარმოებს, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და ძებნა-შველის ოპერაციაში იყო ჩართული როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსების საჭირო რაოდენობა.
ვერტმფრენებთან დაკავშირებით, რომლებიც შოვში სამი საათის შემდეგ გამოჩნდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ჯერ დრო მათ მომზადებაზე დაიხარჯა, შემდეგ თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რათა შემოფრენილიყვნენ ხეობაში, რადგან ცუდი ამინდი იყო.
ვერტმფრენი მანქანა არაა - ვახტანგ გომელაური სამაშველო ავიაციასთან არსებულ სიტუაციაზე >>
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები სტიქიის ადგილზე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მუშაობდნენ, შემდეგ კი ტერიტორია დატოვეს, რადგან რთული მთიანი რელიეფის გამო ღამის ხედვის სისტემითაც კი სახიფათო იყო მუშაობა. მთელი ღამე მუშაობდნენ დრონები თერმოკამერებით, რომლებიც, გომელაურის თქმით, გაცილებით ეფექტურია, როდესაც საუბარია ადამიანების ძებნაზე.
კობახიძეს გამოექომაგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელმაც ოპონენტების განცხადებებს სპეკულაცია უწოდა.
„ყველანაირად ცდილობენ ყველა მიზეზი გამოიყენონ, ყველა სიტყვა გაატარონ ისეთ ფილტრში, რომელიც არ იყო ამ კონტექსტში ნათქვამი და ყველანაირად გამოიწვიონ სიძულვილი, მათ შორის, ამისთვის დაზარალებულებიც გამოიყენონ. სამწუხაროდ, ეს არის ნაწილი იმ ისტერიისა და დეზინფორმაციისა, რასაც ცდილობდნენ პირველივე წუთიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციას განხეთქილების ატმოსფეროს შექმნა სურს.
ოპოზიცია შოვის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს - სპიკერის პასუხი >>
„ირაკლი კობახიძეს არანაირად არ უგულისხმია, რომ ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო თუ არ შეეძლო. იქ სტიქია რა სახის იყო, თავად ირაკლი კობახიძემაც ნახა საკუთარი თვალით. ბევრი რამ დაუჯერებელია და ვხედავდით მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა. რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება. პირიქით, 210 მამაცი მოქალაქე გვყავს, ვინც სტიქიას გადაურჩა, ვინც არ ჩავარდა პანიკაში, ვინც დროულად იმოქმედა და დაეხმარნენ გვერდით მდგომებს და გადაარჩინეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
პაპუაშვილი: საქართველო ვერტმფრენებს ეტაპობრივად მიიღებს>>
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.