ოპოზიცია შოვის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს - სპიკერის პასუხი

მაშველებს, სტიქიასთან ერთად, დეზინფორმაციასთან უწევდათ ბრძოლა, განაცხადა სპიკერმა
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციას და გარკვეულ ჯგუფებს სურთ საქართველოს ხელისუფლებას დააბრალონ კურორტ შოვში მომხდარი სტიქია, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რაჭაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
შოვში დამანგრეველი მეწყერის ჩამოწოლის პირველივე დღიდან, 3 აგვისტოს, ოპოზიციონერებმა დაიწყეს მტკიცება, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია არაეფექტური იყო, რადგან ვერტმფრენები სტიქიის ადგილზე სამი საათის შემდეგ მივიდნენ და ღამით არ მუშაობდნენ. ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენს დამნაშავეებს და გასცემს პასუხს მთავარ კითხვას - შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება.
„უკვე მეთორმეტე დღეა სტიქიიდან და ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი ამ ჯგუფებში, რომ რამენაირად დაბრალდეს ბუნებრივი სტიქია ხელისუფლებას, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ მონაყოლს, რომ იქნებ რამენაირად ამოიკითხონ, რაღაცნაირად ნახონ ხელმოსაჭიდი, რომ ეს ტრაგედია დააბრალონ ხელისუფლებას“, - განაცხად პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციამ და ანგაჟირებულმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, თუ რამდენად სურთ სიძულვილის ატმოსფეროს დათესვა ტრაგედიის ფონზე, და მათ შორის ამისთვის დაზარალებულებიც გამოიყენონ.
„სამწუხაროდ, ეს არის ნაწილი იმ ისტერიისა და დეზინფორმაციისა, რომელსაც ცდილობდნენ პირველი წუთიდანვე. როდესაც მაშველები იყვნენ იმით დაკავებული, რომ მობილიზებული ყოფილიყვნენ და დახმარებოდნენ ამ სტიქიაში მოყოლილებს, ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები დაკავებული იყვნენ იმით, რომ საბოტაჟი გაეწიათ ამ ყველაფრისთვის“, - აღნიშნა სპიკერმა.
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.
ვერტმფრენი მანქანა არაა - ვახტანგ გომელაური სამაშველო ავიაციასთან არსებულ სიტუაციაზე >>
„სოფელ გლოლაში ვიყავით ახლა პანაშვიდზე. მძიმე წუთებია ოჯახებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ეს დანაკარგი. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა დამეწყრილ ტერიტორიაზე“, - განაცხადა მან.
სპიკერის ინფორმაციით, გამოსაკვლევი დარჩა დაახლოებით ტერიტორიის 25%.
პაპუაშვილის განცხადებით, მაშველებს, სტიქიასთან ერთად, დეზინფორმაციასთან უწევდათ ბრძოლა. იმ სტანდარტებსა და შესაძლებლობებში, რაც აქვს სამაშველო სამსახურს, მათ შორის რთული რელიეფის გათვალისწინებით, აბსოლუტურად სწრაფად იქნა მობილიზებული ყველა ძალა, მათ შორის სამი ვერტმფრენი, ორი – თბილისიდან, ერთი – ქუთაისიდან.
„ქუთაისიდან, სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობების გამო ფრენა ვერ შესრულდა, თბილისიდან კი უმოკლეს ვადაში ჩამოფრინდა ვერტმფრენი. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამი საათი ჰქონდა ვერტმფრენს სამუშაოდ დღის სინათლეში“, - განაცხადა მან.
პაპუაშვილის ინფორმაციით, ამ სამი საათის განმავლობაში ყველა, ვინც უშუალოდ ეპიცენტრში იყო მოხვედრილი, იყო იდენტიფიცირებული, მათ შორის დრონების მეშვეობით, რომლებიც, პარალელურად, უფრო ახლო დისტანციიდან ახდენდნენ ადამიანების იდენტიფიცირებას.
როგორ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები შოვში - მინისტრის განმარტება >>
„ამიტომ საკმარისი დრო იყო, რათა ვერტმფრენითაც დათვალიერებულიყო ტერიტორია. 1 000 მეტრის სიგრძის, 270 მეტრი სიგანის ტერიტორიაა. მით უმეტეს, მეწყრის პირობებში მინდვრად არის ქცეული მთელი ეს ტერიტორია, ადვილად ხილვადია გვერდებიდანაც, ვერტმფრენიდანაც და დრონი როცა იყო ჩართული, მათ შორის დრონის მეშვეობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სპიკერმა აღნიშნა, რომ ყველა, ვინც მეწყრის ეპიცენტრში იყო, იმავე დღეს იქნა გადაყვანილი ვერტმფრენით ქალაქ ონში.
„ასევე, დარჩენილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეწყერმა „მოწყვიტა“ დანარჩენ სამყაროს, ისინი უსაფრთხოდ იყვნენ მთელი ღამის განმავლობაში და შემდეგ ასევე გადაყვანილი იყვნენ ქალაქ ონში“, - განაცხადა მან.

რითია უკმაყოფილო ოპოზიცია?

ვერტმფრენები შოვში 18:00 საათზე ჩაფრინდნენ და დაღამებამდე მუშაობდნენ. შემდეგ გაუშვეს მაღალი ტექნოლოგიური დრონები. ხელისუფლების კრიტიკოსებმა შოვში მეწყრის ჩამოწოლიდან პირველივე საათებში დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ვერტმფრენებმა დააგვიანე, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდებოდა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, საძიებო სამუშაოები არ შეწყვეტილა მთელი ღამის განმავლობაში. მან აღნიშნა, რომ მსგავს ვითარებაში დრონი უფრო ეფექტურია, ვიდრე ვერტმფრენი.
„რომ ყოფილიყო ადამიანი, ვთქვათ, შემდეგ აღმოგვეჩინა ღამის ხედვის დრონებით, შევიდოდნენ მაშველები, არ იყო მაგის პრობლემა, თუ ადამიანი შველას ითხოვდა, შევიდოდნენ სპეცსაშუალებებით. თუ ვერ შევიდოდა მაშველი და სხვა შანსი აღარ იყო, შეგვეძლო, გვეთხოვა ვერტმფრენისთვის, იქნებ როგორმე, ძალიან ფრთხილად, ის ერთი ადამიანი ამოვიყვანოთ", - განაცხადა გომელაურმა.
როგორც უფრო ადრე „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ვერტმფრენი ღამით დიდი რისკის გამო ხეობაში არ შევიდოდა. თუ არის სიცოცხლის რამე ნიშნის შანსი, ამას აფიქსირებს დრონი სითბური ეკრანით, აღნიშნა მან.
ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 8. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
პაპუაშვილი: საქართველო ვერტმფრენებს ეტაპობრივად მიიღებს>>
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.