თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ლურჯი მოცვის წარმოება 2027 წლისთვის საქართველოში 25 მლნ ტონამდე გაიზრდება 2023 წლის 4 ტონასთან შედარებით, ნათქვამია საინვეტიციო კომპანია Galt&Taggart-ის კვლევაში.
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად ეხმარება ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის ასობით ჰექტარი პლანტაციებია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
„საქართველოში ლურჯი მოცვით გაშენებული ბაღების ჯამურმა ფართობმა 2.000 ჰა-ს გადააჭარბა 2022 წლის ბოლოსთვის... საქართველოში მოცვის ბაღები ჰექტარზე 14,5 ტონა მოსავალს იძლევა, რაც ქვეყანას გლობალურად მე-7 ადგილზე აყენებს", - ნათქვამია კვლევაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოცვის სექტორი ახალგაზრდა დარგია, რომელიც პრობლემებს აწყდება. ამასთან, უახლოეს 5-10 წელიწადში წარმოების მოსალოდნელი ზრდა ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე.
ამ პრობლემების გადასაჭრელად, ექსპერტების აზრით, მწარმოებლებმა ყურადღება პირველ რიგში ხარისხს, ვარგისიანობის ვადასა და საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას უნდა დაუთმონ, ასევე ინვესტიციებს სამაცივრე მეურნეობებსა და სხვა სტრუქტურებში.
შემოსავლები ექსპორტიდან ყოველწლიურად იზრდებოდა და 2023 წელს 18,5 მლნ დოლარს მიაღწია.
რაოდენობრივი თვალსაზრისით, მოცვის ექსპორტი სამჯერ გაიზარდა. საშუალო საექსპორტო ფასი 1 კგ ლურჯ მოცვზე 6,1 დოლარია.
მოცვის წარმოების მსოფლიო ტენდენციები
2017-2021 წლებში მსოფლიოში მოცვის წარმოება ყოველწლიურად საშუალოდ 19,6%-ით იზრდებოდა 1,8 მილიარდ კილოგრამამდე და IBO-ს პროგნოზით, 2025 წლისთვის 3 მლრდ კილოგრამს მიაღწევს.
მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.