თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ტრაგედიის დროს გაერთიანების მაგივრად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციების გავრცელებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამ ყველაფრით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტრაგედიის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენება სამწუხარო და არასწორია.
„პირადად მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით ამ სპეკულაციების დარტყმის ქვეშ. თითქოს ვერტმფრენები, რომლებიც სამაშველო ოპერაციას ახორციელებდნენ, შოვში ჩამოვიდნენ და ჩემი ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს, ხალხი კი მიატოვეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტრაგედიის, სტიქიის დროს, როცა ქვეყანას ამხელა უბედურება დაატყდა თავს, ყველა უნდა გავერთიანდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს", - განაცხადა კალაძემ.
ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 9. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.