შუალედური არჩევნები: მმართველმა პარტიამ თავისი კანდიდატები წარადგინა

შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობისთვის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე გიორგი სოსიაშვილი, ხოლო გურჯაანის მერის პოსტზე რიგგარეშე არჩევნებზე გიორგი მაჭავარიანი იბრძოლებენ.
პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს გაიმართება. მმართველი პარტიის კანდიდატები ბრიფინგზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
„დარწმუნებული ვართ, ორივე კანდიდატი მიიღებს ამომრჩევლის მყარ ნდობას. წარმატებებს ვუსურვებ გიორგი სოსიაშვილს და გიორგი მაჭავარიანს, შესაბამისად, გორი-კასპისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში", - განაცხადა კობახიძემ.
გიორგი სოსიაშვილი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
მას აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება. წლების მანძილზე ის ეწეოდა წარმატებულ ჟურნალისტურ, პედაგოგიურ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და პუბლიცისტურ საქმიანობას. ის არის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნების" პროპორციული საარჩევნო სიით.
გიორგი სოსიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, აგრეთვე მრავალი პროზაული კრებული და პუბლიცისტური სტატია.
„ბატონი გიორგი არის ოცამდე ჯილდოს მფლობელი, მათ შორის საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი. გიორგი სოსიაშვილი არის გორის საპატიო მოქალაქე. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ გიორგის", - განაცხადა კობახიძემ.
ცესკომ შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია>>
რაც შეეხება გურჯაანის მერობის კანდიდატს, მაჭავარიანი გურჯაანში დაიბადა. 1996 წელს მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გიორგი მაჭავარიანს აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება. ექვსი წლის განმავლობაში ის იკავებდა სააქციო საზოგადოება „გურჯაანგაზის" დირექტორის თანამდებობას, 2011 წლიდან კი არის შპს „სოკარ ჯორჯია გაზის" გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი.
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. ამის გაო შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.
საქართველოში 1 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება>>
1 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევმებისთვის 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმების დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით არჩევნები 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85,3% მიიღებს.
დანარჩენ უბნებზე კი კენჭისყრა "ძველი" წესებით ჩატარდება, თუმცა შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.