თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. რიკოთის უღელტეხილი, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებს, უსაფრთხოა ახლაც და იქნება უსაფრთხო სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას მოითხოვს. ხაზარაძის აზრით, აქ აუცილებელია უსაფრთხოების, მეწყერსაშიში ზონების, მონიტორინგის სისტემის და ფინანსების შემოწმება. პოლიტიკოსის მტკიცებით, მშენებლობის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს და შეიძლება რიკოთი მორიგი დიდი კატასტროფა გახდეს.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოწოლილა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა. ჩატარდა შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო. რიკოთის მონაკვეთი უსაფრთხოა ახლა და უსაფრთხო იქნება მშენებლობის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის განცხადებით, ამჟამად რიკოთზე დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. ამ რეჟიმის დაწესების საფუძველი იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყერის კერა.
სპეციალისტებმა შეაფასეს სიტუაცია როგორც მომეტებული საფრთხე და გადაწყდა გზის დროებით დაკეტვა მისი გაფართოების მიზნით, რათა აღნიშნული მონაკვეთი უსაფრთხო ყოფილიყო.
„გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მაქსიმალურად იყოს თავიდან არიდებული პოტენციური რისკიც კი“, - განაცხადა ქარსელაძემ.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპონენტებმა შესანიშნავად იციან, რომ რიკოთი ნამდვილად უსაფრთხოა.
„დავინახეთ, რომ ოპონენტებმაც გაიზიარეს საკმაოდ ბევრი არგუმენტი, რომელიც რიკოთთან დაკავშირებით ჩვენ მიერ იქნა წარმოდგენილი, თუმცა მაინც არის გარკვეული მცდელობა, მანიპულაციებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი გამოთქმებით გააგრძელონ კამპანია, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა მინისტრმა.
ქარსელაძის თქმით, უსაფრთხოება რიკოთზე - ეს არ არის ზეპირი მსჯელობა ან ერთი კონკრეტული ადამიანის, თუნდაც მინისტრის მსჯელობა, არამედ დიდი გუნდის ძალისხმევაა.
„ჩემი ოჯახის წევრები, ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანიც აღნიშნული მონაკვეთით სარგებლობს და გარწმუნებთ, ნამდვილად უსაფრთხოა. მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული საზედამხედველო კომპანია და ყველა ჯგუფი, ექსპერტი. ხარვეზების გამოვლენისას ადეკვატური და დროული რეაგირება ხდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
30 მარტს რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად აიკრძალა.
ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა 10 აპრილს აღდგა სპეციალური რეჟიმით – დღისით სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო ღამით – სატვირთო მანქანებისთვის. ივნისში მოძრაობა აღდგა.
რიკოთის უღელტეხილი
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.