ქვათაცვენა სტიქიური უბედურების ზონაში რაჭაში - რისკების შეფასება

მასშტაბური სტიქიის შემდეგ ასეთი მოვლენები მოსალოდნელია, ამტკიცებს ექსპერტი
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ქვათაცვენა მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში - ბუნებრივი პროცესია ზონისთვის, სადაც ახლახან მეწყერი ჩამოწვა, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. ამ დროისთვის ნაპოვნია 24 ცხედარი, გრძელდება 9 პირის საძიებო სამუშაოები. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.
მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში ქვათაცვენის შესახებ პირველად ისაუბრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.
„რაიმე სახის სერიოზულ პროცესებს ადგილი არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი დიდი სტიქიების შემდგომი პროცესები ჭალა-კალაპოტის ზონებში“, – გაუცხადა ჟურნალისტებს გაფრინდაშვილმა.
გეოლოგის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, გეოლოგები იმყოფებიან სტიქიის ზონაში. მისი თქმით, რისკების დეტალური შეფასების შემდეგ მათი ვარაუდო დადასტურდა და დაემთხვა სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.
შოვში საძიებო სამუშაოები მე-11 დღეა გრძელდება. ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა ათ ლოკაციაზე მუშაობს. ძიების ძირითადი ტერიტორია კვლავ კოტეჯების ტერიტორიაა და გზა ე.წ. მჟავე წყლებია.