თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. შოვში, სტიქიის ეპიცენტრში რაიმე ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება არ არის, განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) წარმომადგენელმა გაბრიელ ჩიკვაიძემ.
ჩიკვაიძის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში ნაპოვნ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეშებს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, სპეციალური ვეტერინარული წესით მარხავენ, ხოლო პრევენციის მიზნით მასალები შემდგომი კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნება.
„სტიქიის ზონაში დაფიქსირდა რამდენიმე ერთეული მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი, რომლებიც მეწყერსაშიში ზონიდან არიან გამოტანილი და მოხვდნენ მდინარის ხეობაში. რეგიონი სუფთაა სხვადასხვა ინფექციური დაავადების მიმართ. არაა რაიმე სახის დაავადების კერა, მაგრამ ჩვენ პრევენციის მიზნით მაინც ვიღებთ და ვაგზავნით ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის“, - განაცხადა სეს-ის წარმომადგენელმა.
შოვში მეწყერის ჩამოწოლის ზონაში საძიებო სამუშაოები მე-11 დღეს მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 24 ადამიანი შეეწირა, 9 ადამიანის საძიებო სამუშაოები გრძელდება.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.