შოვში სტიქიური უბედურების ზონაში ქვათაცვენა დაფიქსირდა

ეს დამახასიათებელია მსგავსი სტიქიური უბედურების შემდეგ, ამტკიცებენ სპეციალისტები
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ქვათაცვენა დაფიქსირდა მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში შოვში, სტიქიური უბედურების ადგილზე, განაცხადა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, აღმოჩენილია 24 ცხედარი. სტიქიის ზონაში 9 ადამიანს ეძებენ. გარდაცვლილი ადამიანების საძიებო სამუშაოები 54 მეტრის პერიმეტრზე მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.
„გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდეგ, ეს დამახასიათებელია. ვინაიდან ცუდი ხილვადობა იყო, გვიან ღამით მოხდა სამუშაოების დილამდე შეჩერება. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენითა და დრონებით ხეობა დაათვალიერეს და მნიშვნელოვან ქვათაცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დილიდანვე განახლდა საძიებო სამუშაოები", – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, სადაც ნათქვამია, რომ ქვეთაცვენა საფრთხეს არ წარმოადგენს.
„მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შოვში სამძებრო სამუშაოები მეათე დღეა მიმდინარეობს. ათ ადგილზე უკვე მუშაობს ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა. ძიების ძირითადი ტერიტორია კვლავ კოტეჯების ტერიტორიაა და გზა ე.წ. მჟავე წყლებია.