თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში დააფიქსირეს 18 დანაშაული, რომელიც ქვეყანაში ქურდული კრიმინალური სამყაროს საქმიანობას უკავშირდება, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
მასალების თანახმად, „ქურდული სამყაროს წევრობის“ ფაქტზე 2023 წლის პირველ ნახევარში 11 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, აქედან ორი საქმე - „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ.
გარდა ამისა, სამი საქმე აღძრულია .წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ფაქტზე, ოთხი - „ქურდული სამყაროს“ დახმარებისთვის.
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.
„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.
ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.