თურქეთის პრეზიდენტმა შოვში მომხდარი სტიქიის გამო საქართველოს მიუსამძიმრა

ამ დროისთვის აღმოჩენილია 24 ცხედარი. სტიქიის ზონაში 9 ადამიანს ეძებენ.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო სამძიმარს უცხადებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ქართველ ხალხს და გარდაცვლილთა ნათესავებს, იუწყება „პირველი არხი“
უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. გარდაცვლილი ადამიანების საძიებო სამუშაოები 54 მეტრის პერიმეტრზე მიმდინარეობს.
„დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ. ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს“, – აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, აღმოჩენილია 24 ცხედარი. სტიქიის ზონაში 9 ადამიანს ეძებენ.
შოვში სამძებრო სამუშაოები მეათე დღეა მიმდინარეობს. ათ ადგილზე უკვე მუშაობს ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა. ძიების ძირითადი ტერიტორია კვლავ კოტეჯების ტერიტორიაა და გზა ე.წ. მჟავე წყლებია.