თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. თაფლის ფესტივალი ბათუმში 19 და 20 აგვისტოს მეხუთედ გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
გამოფენა–გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის მწარმოებლები – დაახლოებით 50 კომპანია, ასოციაციები და მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კახეთი.
მასპინძლები გამოფენის სტუმრებს შესთავაზებენ ქართული თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების საუკეთესო ნიმუშებს, ასევე ხელნაკეთ სანთლებსა და კოსმეტიკას. შესაძლებელია ყველაფრის ადგილზე გასინჯვა და შეძენა.
გარდა ამისა, ფესტივალში ჩართულია ინტერაქტიური გასართობი ღონისძიებები, კონკურსები, მასტერ-კლასები და ცოცხალი მუსიკა. ფესტივალზე დასწრება შესაძლებელია 19 აგვისტოს 12:00-დან 21:00 საათამდე და 20 აგვისტოს 11:00-დან 19:00 საათამდე.
თაფლის ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება და ის ერთნაირად პოპულარულია ადგილობრივ მცხოვრებთა და ტურისტებს შორის.