ტრაგედია შოვში: რას ადასტურებს სატელიტიდან მიღებული ფოტოები

გარემოს ეროვნული სააგენტოში ამტკიცებენ, რომ შოვში დამანგრეველი მეწყერი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრის შედეგად ჩამოწვა.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თანამგზავრიდან მიღებული მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები ადასტურებს ექსპერტების დასკვნას კურორტ შოვში ბუნებრივი მოვლენების სწრაფი განვითარების შესახებ, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა, განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად, რომელმაც 21 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. დასახლებიდან ევაკუირებულია 210 ადამიანი. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ.

„ჩვენ ორი დღის წინ მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში. ჩვენ გვაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარების დღეს, გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ნათლად ჩანს, რომ რაიმე ტიპის ბუნებრივი პროცესების განვითარებას იქ ადგილი არ აქვს“, – განაცხადა შამუგიამ.

თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებით დასტურდება, რომ არასწორია მოსაზრება, თითქოს წყალი ორი დღის განმავლობაში გროვდებოდა და მეწყერი და ღვარცოფი ამან გამოიწვია, აღნიშნა მან.
„ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში გვესმოდა, თითქოს ორი დღე იყო იქ წყლის დაგროვება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს“, – განაცხადა შამუგიამ.
მეორე ფოტოზე ასევე ჩანს, როგორ განვითარდა პროცესები: სტიქია დაიწყო კლდეზვავის ჩამოშლით, შემდგომ – მყინვარის მოწყვეტით, აქ საკმაოდ დიდ ფართობებზეა საუბარი, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები, განაცხადა მინისტრმა.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
გამოძიება შოვის ტრაგედიის საქმეზე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს - მღებრიშვილი>>
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.