თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამადლობელო წერილი გაუგზავნა რომის პაპ ფრანცისკეს, რომელმაც კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა.
რომის პაპმა ფრანცისკემ პორტუგალიაში ვიზიტის დროს მოუწოდა ახალგაზრდებს, რომლებიც ლისაბონში ახალგაზრდობის მსოფლიო დღის დასკვნით მესაზე შეიკრიბნენ, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაღუპულთა სულთათვის. სიტყვით გამოსვლის ბოლოს მან აღნიშნა, რომ ამ ტრაგიკულ ვითარებაში საქართველოს პატრიარქის გვერდით არის.
„თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და სიყვარული ჩვენი ქვეყნისა ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია. შევთხოვ უფალს, არ მოგაკლოთ თვისი შემწეობა და მფარველობა“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა მადლობელია იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა გამოხატა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად, რომელმაც 21 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. დასახლებიდან ევაკუირებულია 210 ადამიანი. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.