თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის ზონაში მეორე დროებითი ხიდის მონტაჟი დაიწყო, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სტიქიის ზონაში გაწეული სამუშაოების შეჯამებისას.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად, რომელმაც 21 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ათზე მეტ ადამიანს ეძებენ.
„გუშინ დაიწყეს ხიდის გადმოტანა, დღეს აეწყო და მონტაჟდება. მეწყერმა ორი ხიდი წაიღო. ერთი ხიდი, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო, ისეთ ვადებში გარემონტდა, რომ შესაძლებელი გახდა სტიქიის ზონაში დიდი რაოდენობით ტექნიკის გადასროლა, ახლა მეორე ხიდი მონტაჟდება“, – განაცხადა ქარსელაძემ.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ალტერნატიული გზის მშენებლობა, რამაც შესაძლებელი გახადა ე.წ. მჟავე წყლებთან მიახლოება.
„სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ალტერნატიული გზა, რომელმაც „მჟავე წყლებთან" მისვლის საშუალება მოგვცა", – განაცხადა ქარსელაძემ და დასძინა, რომ ამან მდინარის პირველად კალაპოტში დაბრუნებაც გახადა შესაძლებელი.
სტიქიის ზონაში ოთხშაბათს დილიდან განახლდა სამძებრო ღონისძიებები, გაფართოვდა ძებნის არეალი. ამ ეტაპზე მაშველები ათ ლოკაციაზე მუშაობენ, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც მეწყრის ჩამოწოლამდე კოტეჯები და სასადილო მდებარეობდა.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.