„ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება იყო, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის, ქვეყნის დაცვაზე. ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
„მინდა დღეს აღვნიშნო, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. ვიცი რა ის ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა“, – განაცხადა პრემიერმა.
„მინდა, პირველ რიგში, ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო კიდევ ერთხელ ჩვენს დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, მათ ოჯახებს მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ღრმა სამძიმარი. ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს, ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ხალხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„პატარა ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა მთელ იმ პროვოკაციებს, რომლებიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. მჯერა, ჩვენი ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება, გაერთიანდება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა“, – განაცხადა პრემიერმა.
„კარგად მოგეხსენებათ უკვე ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა, როგორ იქცეოდნენ და იქცევიან. ახლაც აცხადებენ, რომ კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს, დაიწყებენ ომს. ეს მათი ხელწერაა. ისინი არაფერზე ფიქრობენ, გარდა პირადი კეთილდღეობისა. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ჩვენ მშვიდობით, სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, მწამს, ჩვენ ყოველდღე ამ დიდ მიზანს ვუახლოვდებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.