თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. საქართველო ახალ სამაშველო ვერტმფრენს დეკემბერში მიიღებს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
სამაშველო ვერტმფრენების საკითხი შოვში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ გახდა აქტუალური, რა დროსაც სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. საქართველოს სახალხო დამცველმა ტრაგედიის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა იმ ტექნიკური საშუალებების ნაკლებობა, რომლებიც მსგავს კრიზისებთან გასამკლავებლად არის საჭირო.
„იმ ვერტმფრენებზე, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან, გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით დეკემბრის თვეში“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
თუმცა, მისი თქმით, ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შესრულებულიყო, 100%-ით არის შესრულებული.
როგორც მანამდე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა, საქართველოს მიერ ფრანგულ კომპანიაში შეკვეთილი ვერტმფრენები წარმოების პროცესშია.
კონტრაქტის პირობების მიხედვით, რომელიც გასული წლის ბოლოს გაფორმდა, პირველი ვერტმფრენის მოწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში მოხდება, ხოლო მეორისა და მესამის – შესაბამისად, 18 და 19 თვის შემდეგ. შვეულმფრენების ჯამური ღირებულება 26,5 მილიონ ევროს შეადგენს.
იმის შესახებ, რომ საქართველო ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან H145-ის მარკის სამი ახალი შვეულმფრენის შეძენას აპირებს, 2022 წელს გახდა ცნობილი, მას მერე, რაც 29 ივლისს გუდაურის მთებში პარაპლანერისტის გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. იმ დღეს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
ამის შემდეგ ქვეყანაში განახლდა სამაშველო ვერტმფრენების დეფიციტზე საუბარი.