შოვში დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა - მდინარაძე ხელისუფლების კრიტიკას გამოეხმაურა

სამაშველო ოპერაციის დროს ყველა გადაწყვეტილებას იღებდნენ პროფესიონალები მსოფლიოში მოქმედი ე.წ. გაიდლაინების მიხედვით, განაცხადა დეპუტატმა.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ასი ვერტმფრენიც რომ ყოფილიყო, იმაზე მეტი ვერაფერი გაკეთდებოდა შოვში მიმდინარე ძებნა-შველის ოპერაციის დროს, რაც ახლა კეთდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოპოზიციონერებმა ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეს ხალხის გადასარჩენად გაწეული არასაკმარისი ძალისხმევის გამო. ერთ-ერთი პრეტენზია ასეთია: სახელმწიფო ბალანსზე ირიცხება მხოლოდ ორი Ми-8 ვერტმფრენი. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა წინა ხელისუფლების მიერ შეძენილ Super Puma-ს ვერტმფრენებზე და რუსული წარმოების ამორტიზებული ვერტმფრენების შეკეთება გადაწყვიტა.

„დამატებით 100 ვერტმფრენი რომ ყოფილიყო იქ, იგივე უნდა გაკეთებულიყო, რაც გაკეთდა, მეტი ვერაფერი გაკეთდებოდა. ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო თეორიული რისკების გამოსარიცხად, ეს იყო ის, რომ უნდა ემუშავა სითბურ დრონს, რაიმე სიცოცხლის ნიშან-წყალი დაეფიქსირებინა და დაკვირვება მომხდარიყო სითბური დრონით, რაც მოხდა ღამის განმავლობაში“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, შოვში ვერტმფრენების ნაცვლად საჭიროა სხვა ტექნიკა.
„იქ იყო სხვა მოცემულობა, რა მოცემულობის გადაზღვევა უნდა მომხდარიყო სხვა ტექნიკური საშუალებებით, რაც მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში შემოწმება ხდებოდა სითბური დრონებით, მთელი ღამის განმავლობაში განაპირა ადგილებზე, სადაც თეორიული შანსი იყო რაღაცის, იყო ცოცხალი ძალა. სიცოცხლეს რისკავდნენ მაშველები, ფიცრებს ადებდნენ ერთმანეთს და იმით გადადიოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ თეორიული შანსიც კი გამოერიცხათ ვინმეს სიცოცხლის გადარჩენა რომ შესაძლებელი ყოფილიყო და გადაერჩინათ სითბური დრონებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, სამაშველო ოპერაციის დროს ყველა გადაწყვეტილებას იღებდნენ პროფესიონალები მსოფლიოში მოქმედი ე.წ. გაიდლაინების მიხედვით.
როდის მიიღებს საქართველო ახალ სამაშველო ვერტმფრენებს >>
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 15 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს.
სტიქიური უბედურების ზონაში სპეცტექნიკა მეექვსე დღეა მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 80 უშუალოდ ჩართულია საძიებო სამუშაოებში. საძიებო სამუშაოებში მონაწილეობს დაახლოებით 1 ათასი ადამიანი – მაშველები, სამხედროები, მოხალისეები.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
ტრაგედია შოვში – საძიებო სამუშაოების არეალი გაფართოვდა>>>
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.