„მაქსიმუმს ვაკეთებთ“ - პრემიერი შოვში დაღუპულთა საძიებო სამუშაოებზე

სტიქიის ზონაში ამჟამად 15 ადამიანს ეძებენ.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს შოვში სტიქიური უბედურების შედეგების დროული ლიკვიდაციისთვის და დაღუპული მოქალაქეების მოძიებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 15 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს.

„მაქსიმუმი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რომ დროულად ჩატარდეს სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის, სამწუხაროდ, ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები“, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურმა მომხდარი ტრაგედიის გამო კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება.
„დიდი ტრაგედიაა, ეს არის საშინელი ტრაგედია. ამდენი ადამიანი დაიღუპა, ამ სტიქიას შეეწირა და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიზიარებ ჩვენი საზოგადოების მწუხარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სტიქიური უბედურების ზონაში სპეცტექნიკა მეექვსე დღეა მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 80 უშუალოდ ჩართულია საძიებო სამუშაოებში. საძიებო სამუშაოებში მონაწილეობს დაახლოებით 1 ათასი ადამიანი – მაშველები, სამხედროები, მოხალისეები.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
ტრაგედია შოვში – საძიებო სამუშაოების არეალი გაფართოვდა>>>
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
„კურორტი შოვი აღარ არსებობს“ - საქართველოს მთებში მომხდარი ტრაგედიის ქრონოლოგია>>
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.