ტრაგედია შოვში: ანდრია ჯაღმაიძემ საზოგადოებას ერთსულოვნებისკენ მოუწოდა

ყოველთვის ვერ მოიძებნება იმის ახსნა, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის ტრაგედია, და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ერთი ადამიანი მეორის დადანაშაულებას ცდილობს, განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთსულოვანი და ვილოცოთ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა სულებისთვის, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები 15 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს.

„ძალიან ძნელია სანუგეშო სიტყვების შერჩევა ადამიანებისთვის, რომლებსაც უშუალოდ შეეხო ტრაგედია. ჩვენ ყოველთვის არ გვაქვს ახსნა, რატომ ხდება ასე და სამწუხაროა, როცა ერთი ცდილობს მეორის დადანაშაულებას, მაშინ, როდესაც მთავარი ამბავი ამ უბედურებაში ტრაგედიაა. ამიტომ ერთსულოვანნი უნდა ვიყოთ მათთვის ლოცვაში და ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახების ნუგეშისცემაში“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სულებისთვის სამშაბათს შესრულებულ პანაშვიდზე საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულებიც ახსენა.
„ძალიან ხშირად ხდება, რომ ტრაგედია აერთიანებს ადამიანებს. ვისურვებდით, ერთსულოვანნი ვიყოთ ჩვენი სამშობლოს ერთიანობისთვის და იმ გმირების პატივის მისაგებად, რომლებმაც თავი დასდეს სამშობლოს თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
ტრაგედია შოვში – საძიებო სამუშაოების არეალი გაფართოვდა>>>
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.