თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. შოვში მეწყრის გამო დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი 7 აგვისტოს სტიქიის ადგილზე გაიმართება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
პანაშვიდსა და მსახურებას ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი ნიკორწმინდის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად 16:00 საათზე გამართავს.
გარდა ამისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს ყველა ეკლესიაში აღევლინება.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა ხიდები, დაზიანდა კურორტისკენ მიმავალი გზა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. იძებნება 16 დაკარგული ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.