თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. დამანგრეველი მეწყრის სიჩქარემ, როგორიც შოვში ჩამოწვა, შეიძლება საათში 30 კმ-ს მიაღწიოს და მისი პროგნოზირება ძალიან რთულია, განაცხადა გეომორფოლოგმა, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა რეიმონდ ტორესმა.
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა – მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
„არსებობს სხვა ტიპის მეწყრები, რომლებიც გაცილებით ნელია და ასეთი კატასტროფული შედეგები არ მოაქვს. იმ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, რომელიც შოვში ჩამოწვა, ძალიან ძნელია“, – განაცხადა ტორესმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ვიდეოკადრების თანახმად, ეს იყო ე.წ. დებრის ფლოუს ტიპის მეწყერი, რომლის წარმოქმნაც დაკავშირებულია სამ ძირითად კომპონენტთან: ბევრ წყალთან, დიდი რაოდენობით მცირე სეგმენტებთან და ფერდობის ძლიერ დაქანებასთან, აღნიშნა გეომორფოლოგმა.
„საქართველოს მთებში ეს სამი კომპონენტი ყველგანაა. ამ ტიპის მეწყრის დინების სიჩქარემ შეიძლება საათში 30 კმ-ს მიაღწიოს. მასა გზადაგზა იზრდება და გამანადგურებელი ხდება“, – განაცხადა ტორესმა.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა ხიდები, დაზიანდა კურორტისკენ მიმავალი გზა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. იძებნება 16 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, მეწყრულმა ნაკადმა შოვის კოტეჯებამდე 8–10 წუთში მიაღწია.
დასკვნა შეადგინეს რამდენიმე პარამეტრის საფუძველზე, მათ შორის, გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე ისტორიული და თანამედროვე დაკვირვების მონაცემების შესწავლით.
უფრო ადრე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის.