კატეგორიულად მიუღებელია: შამუგია შოვის ტრაგედიის თაობაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებზე

Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცილისწამება რაჭის მაღალმთიან კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

„ამ რთულ ფონზე სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ზოგიერთ შემთხვევაში კი ცილისწამება. ეს ეხება თითქოსდა სტიქიამდე ორი დღით ადრე წყლის შეგუბების ფაქტების გავრცელებას, ასევე კალაპოტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აგრეთვე თითქოს რეინჯერებს ჰქონდათ ინფორმაცია სტიქიის შესახებ. ბევრი ცრუ ინფორმაცია მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია", – განაცხადა შამუგიამ.

მისი თქმით, საზოგადოებას სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა შოვში.
„სწორედ ამიტომ მომხდარი სტიქიიდან მალევე ჩვენი სპეციალისტები გაემგზავრნენ ადგილზე და ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ახორციელებდნენ კვლევის სამუშაოებს. ვერტმფრენის გამოყენებით რამდენჯერმე მოხდა მთელი ხეობის დათვალიერება და ყველა მონაცემი მუშავდებოდა 24 საათის განმავლობაში", – განაცხადა შამუგიამ ბრიფინგზე.
შოვის ტრაგედია: საქართველოში გლოვის დღეა>>>
ექსპერტების წინასწარი დასკვნის მიხედვით, ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები, ღვარცოფი) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ 400 მაშველი და 200 სამხედრო, სტიქიის ზონაში სულ მობილიზებულია 178 ერთეული სპეცტექნიკა, სამძებრო ღონისძიებებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.